ექიმის ბიო-მარნიდან
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი: რამდენიმე წლის წინ ერთ ოჯახში ქმარი, ცოლი და პატარა შვილი ტკბილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ქმარი-ექიმი პროფესიით მუშაობდა ანგიოქირურგიაში, ცოლი კი სამოქალაქო სექტორში და პატარაც იზრდებოდა თბილად და ტკბილად. რაც აღსანიშნავია, იმ დროს ისე არ უყვარდათ სოფელი, როგორც უნდა ჰყვარებოდათ. ერთ მშვენიერ, ზუსტადაც, რომ მშვენიერ დღეს, ქმართან მივიდა თანასოფლელი და სთხოვა მიეყიდა მიწა, რომელიც მის მომიჯნავედ იყო. მიწის არსებობა ბუნდოვნად ახსოვდა ექიმს. დაინტერესდა, გაიკითხა და აღმოაჩინა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო, მდებარეობდა ფაფრის მინდვრების მიკროზონაში, სადაც საუკეთესო ხარისხის საფერავი იზრდება. ამ სიახლის გაგების შემდეგ, ქმარმა და ცოლმა დაუყოვნებლივ გადაწყვიტეს დაემუშავებინათ 15 წლის დაუმუშავებელი მიწა და დაერგოთ საფერავის ნერგები, მოეარათ მხოლოდ ბიოლოგიური შესაწამლი ხსნარებით და საკუთარი ნატურალური ღვინო ჰქონოდათ თავისი ოჯახისთვის და სტუმრისთვის. ჩანაფიქრი რამდენიმე თვეში სისრულეში მოიყვანეს. თავიდან, როცა ვაზი პატარა იყო, ქმარი უდიდესი ხალისით მუშაობდა, დილით ადრიანად მიდიოდა ვაზის შესაწამლად, თვითონ ამზადებდა შაბიამნის ნაზავს, საკუთარი ზურგით წამლავდა და შემდეგ სამსახურში მიდიოდა პაციენტებთან. ყოველკვირეულად ნახულობდა ცოლ-ქმარი ვენახს და ისევე უყვარდათ, როგორც საკუთარი შვილი. იმავე წელს პაპისეულ მეორე ნაკვეთში რქაწითელი და ხიხვი გააშენეს. ცოტა რომ მოიზარდა ორივე ვენახი, სანდო ადამიანს ჩააბარეს საპატრონოდ, რომელიც დღესაც სულს და გულს არ იშურვებს. სარეველებისთვის პესტიციდებით შეწამვლის ნაცვლად ცხენშებმული გუთნით ხნავდნენ ვენახს. ვაზის მოტრფიალე ადამიანები მიჰყავდათ ვენახის გასაფურჩნად და მოსავლელად. თვითონაც ისევ ჩართულები იყვნენ ყველა პროცესში. მესამე წელს მიღებული პირველი მოსავალი, ჯერ კიდევ ახალი გამოსხმული ნაყოფი, მთლიანად გააცალეს ვენახებს, რადგანაც ვაზის ფესვს მეტი ენერგია ჰქონოდა და უფრო ღრმად ჩასულიყო მიწის სიღრმეში მინერალების შესათვისებლად. მეოთხე წელს კი რთველი უდიდესი სიხარულით და ზეიმით აღნიშნეს და ნაფერები საფერავი ქვევრში ჩაწურეს. ერთი კვირის შემდეგ რქაწითელიც ჩაწურეს მეორე ქვევრში. აი, სწორედ ეს ნალოლიავები ღვინოა ჩვენი ექიმის ნატურალური ღვინო "ექიმის ბიო-მარნიდან".